სდასუ-ს ისტორია
უნივერსიტეტის დაარსება უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, მისი რექტორის, პროფესორ თეიმურაზ ქორიძის მიერ 1987 წელს კომუნისტური პარტიის რიგებიდან გასულთა სოციალური დაცვის საზოგადოების შექმნას და მის ბაზაზე, 1991 წლის 11 ივლისში, საზოგადოება „თანადგომა და ამაღლების“ დაფუძნებას.
საზოგადოება მიზანად ისახავდა ქვეყანაში კომუნისტური იდეებისა და მსოფლმხედველობისაგან გათავისუფლებას, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და ახალგაზრდობის ჩაბმას თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისკენ სწრაფვაში. საზოგადოება „თანადგომა და ამაღლება“ აერთიანებდა ქვეყნის ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომელთაც პროფესორ თეიმურაზ ქორიძის ხელმძღვანელობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დააარსეს საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი „დავით აღმაშენებლის სახელობის თბილისის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი“.
უნივერსიტეტი ახორციელდებდა საგანმანათლებლო პროგრამებს სამკურნალო საქმის, სტომატოლოგიის, სამართალმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების და საბანკო საქმის, ტურიზმის, ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობებით და ინჟინერიის მიმართულებით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 16 ოქტომბრის N 65/ა ბრძანებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს 2007-2008 სასწავლო წლიდან მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია; საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის N 83 გადაწყვეტილებით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლიდან მიენიჭა უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა, სასწავლო აუდიტორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, პრესკლუბი, კომპიუტერული ცენტრები, ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით, იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, ქართულ-ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკა, ვირტუალური სიმულაციების ლაბორატორია, პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ-ცენტრი, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ავტორიზებული ტელე-რადიომაუწყებლობა: „სდასუ TV“ და „სდასუ RADIO“.
უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესურა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ცენტრები, ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები და პრესკლუბი ხელს უწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.