საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის 27–30 ოქტომბერს, სტომატოლოგიის პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართება ოთხდღიანი ტრენინგი — „სწავლება-სწავლის თანამედროვე მეთოდები და სტუდენტთა კომპეტენციების შეფასება სტომატოლოგიურ განათლებაში“.
ტრენინგის მიზანია ლექტორთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გამოყენების, ეფექტიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და სტუდენტთა სწავლის შედეგების ობიექტური შეფასების მიმართულებით.
პროგრამა მოიცავს სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას, სწავლის შედეგებთან სწავლებისა და შეფასების მეთოდების შესაბამისობას, ინტერაქტიულ და კლინიკურ სწავლებას, შემთხვევასა და პრობლემაზე დაფუძნებულ მიდგომებს (CBL/PBL), სიმულაციასა და კლინიკურ ზედამხედველობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შეფასების ინსტრუმენტების, ტესტებისა და რუბრიკების შემუშავებას, ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ და პრაქტიკულ გამოცდებს (OSCE/OSPE), კლინიკური უნარების შეფასებასა და კლინიკური ლოგბუქის გამოყენებას.
ტრენინგი წარიმართება პირისპირ, ინტერაქტიულ ფორმატში და მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, მცირე ჯგუფებში მუშაობას, კლინიკური შემთხვევების ანალიზს, სიმულაციასა და კოლეგიალურ უკუკავშირს.
ტრენინგს გაუძღვება ჯილდა ჭეიშვილი, MD, PhD, AFAMEE — სამედიცინო განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტი, IAAR-ის საერთაშორისო ექსპერტი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების — ASIIN, FIBAA და AAC — ექსპერტთა რეესტრებში რეგისტრირებული ექსპერტი.
ტრენინგი ჩატარდება ყოველდღე 10:00 საათიდან, დღეში 4 საათის ხანგრძლივობით, ჯამში — 16 საათი. დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
