კრიმინალისტიკური ლაბორატორია
აპრილი 15, 2022 2023-04-06 17:05კრიმინალისტიკური ლაბორატორია
კრიმინალისტიკური ლაბორატორია
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ტექნიკური აღჭურვილობით სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად შეისწავლონ კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა კვალის და სხვა მტკიცებულებათა აღმოჩენა, ამოღება, ფიქსირებისა და გამოკვლევის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა სახის დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის თავისებურებები. შესაბამისად, სამართლის სკოლის სტუდენტებს კრიმინალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ლაბორატორიაში ტარდება ლექციები და სემინარები სპეციალიზაციის დისციპლინებზე ვიდეომასალის გამოყენებით. ცოდნის გაღრმავების მიზნით აქვე შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების დამოუკიდებელი ლაბორატორიული მუშაობისათვის. სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო-ტექნიკური და კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებები, ხელსაწყოები, სასწავლო მეთოდოლოგიური და საინფორმაციო მასალები. კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში თავმოყრილია 100-ზე მეტი მაკეტი, ექსპონატი, ხელსაწყო და სხვა საშუალება, რომლითაც შესაძლებელია დანაშაულის კვალის გამოვლენა. ლაბორატორია უზრუნველყოფილია კრიმინალისტიკური დანიშნულების კომპიუტერული პროგრამებით (მაგ. ადამიანის გარეგნობის ფოტო-კომპოზიციური პორტრეტის შემქმნელი პროგრამა და სხვ.) ლაბორატორიაში ტარდება იმიტირებული თამაშები, რომელთა მსვლელობისას სტუდენტები გამოიმუშავებენ ტიპური საგამოძიებო სიტუაციების გადაწყვეტის უნარს. ლაბორატორიის აღჭურვილობა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის კრიმინალისტიკის ყველა სახის კომპონენტის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნის მიწოდებას და უნარ-ჩვევების გამომუშავებას.