მედიის სკოლა
ჟურნალისტიკა შემოქმედებითი სპეციალობაა, რაც აორმაგებს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას უნივერსიტეტის მისიის შესასრულებლად. სდასუ-ს მედიის სკოლაში თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკული პროფესიული ჩვევების, მოვლენების კრიტიკული აღქმისა და სწორად შეფასების უნარის გამომუშავებას. ეს ყოველივე დიდად არის დამოკიდებული თითოეული სტუდენტის პიროვნული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაზე, რაც მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლებით მიიღწევა. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ტრადიციული ევროპული მედიაგანათლების პრინციპებსა და გამოცდილებას ითვალისწინებს. მის განხორციელებაზე ზრუნავენ კვალიფიციური პედაგოგები, გამოცდილი თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი ჟურნალისტები. ახალგაზრდები ეცნობიან ჟურნალისტიკის თეორიისა და მასკომუნიკაციის ძირითად კონცეფციებს, ღრმად გაიაზრებენ მედიის საზოგადოებრივ როლს, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის პრინციპებს. სასწავლო პროგრამის გადახალისებამ, რადიოსა და ტელევიზიაში განხორციელებულმა პროექტებმა სტუდენტებს კიდევ უფრო გაუძლიერა პროფესიის დაუფლებისაკენ სწრაფვა. მომავალი ჟურნალისტებისათვის კარგ ასპარეზს ქმნის უნივერსიტეტის ჟურნალი ,,დებიუტი“, სადაც მათ შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა შეუძლიათ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუდენტური ტელევიზიას – “სდასუ TV”, სადაც სტუდენტებს ცალკეული სიუჟეტების პარალელურად საავტორო გადაცემების მომზადებაც შეუძლიათ. სდასუ TV-ის პროგრამული პრიორიტეტები ემყარება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეროვნულ ფასეულობებს, საზოგადოების სანდოობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებას, მრავალფეროვნებისა და კრეატიულობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში!
თუ თქვენ გსურთ იცხოვროთ 21-ე საუკუნის რიტმით, თვალი ადევნოთ და გააშუქოთ ქართული პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული სიახლეები, არ ჩამორჩეთ გლობალურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებს, ისწავლოთ როგორ მოიპოვოთ, გადაამუშაოთ და გაავრცელოთ ინფორმაცია, გახდეთ პროფესიონალი ჟურნალისტები, საერთაშორისო ურთიერთობათა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მაშინ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსტიტეტის სოციალური მეცნიერებების სკოლა თქვენი სწორი არჩევანია. გამოცდილი, პრაქტიკოსი ჟურნალისტები და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები, დიპლომატები, უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი სდასუს სოციალური მეცნიერების სკოლაში მრავალი წელია კონკურენტუნარიან კადრებს აოსტატებენ. სდასუს რადიო და ტელე ლაბორატორიები სტუდენტს საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის კედლებშივე გახდეს პროფესიონალი რადიო და ტელეწამყვანი, თვისუფლად ფლობდნენ თანამედროვე მედიატექნოლოგიებს: საოპერატორო, სამონტაჟო, სცენარის წერის ხელოვნებას, ტელეწამყვანის პროფესიას. სდასუ-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს ოთხი პროგრამა: ჟურნალისტიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. სდასუს სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს სთავაზობს მრავალმხრივ განათლებას, რომელიც პრაქტიკული გამოცდილებით იქნება გამყარებული. ,,სდასუ TV” საერთო მაუწყებელია, რომლის ძირითადი თანამშრომლები, საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები, წამყვანები, რეპორტიორები, გადაცემათა ავტორები თავად სტუდენტები არიან. სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის მართვის განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ასე რომ, თუ გსურთ სამყარო გახადოთ უკეთესი, დაამსხვრიოთ სტერეოტიპები, იცხოვროთ ინფორმირებულ საზოგადოებაში, შემოგვიერთდით!

ია დანელია
სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი