სკოლები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში!

როგორც დიდმა ილიამ თქვა, "ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას". ჩვენი სკოლის მთავარ ფასეულობას სწავლის მაღალი ხარისხი წარმოადგენს, ვინაიდან ქვეყნის და საზოგადოების განვითარების მთვარი გზა, სწორედ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ, განათლებულ და თვითრეალიზებულ თაობაზე გადის.
ცოდნის მიღების გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ჩვენს სკოლასთან ერთად გასავლელად, არის საინტერესო, მრავალფეროვანი და სავსე იმ ღირებულებებით და ფასეულობებით, რომელსაც თითქმის 30 წლის მანძილზე ნერგავს ჩვენი უნივერსიტეტი. სკოლის საბაკალავრო პროგრამები რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ისახავენ, რომელსაც თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ. უპირველესად ეს არის პროგრამები, რომელთა შედეგად თქვენ შეიძენთ სრულფასოვან, მრავალმხრივ, ფუნდამენტურ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, რომლის მეშვეობით იქნებით უპირობოდ მაღალკონკურენტუნარიანი თანამედროვე ცივილურ გარემოში. ჩვენთან განათლების მიღების შედეგად შესაძლებლობა მოგეცემათ განავითაროთ საკუთარი ნიჭი და უნარები ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებებით. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ შეიძენთ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს თქვენს დასაქმებას უშუალოდ სწავლის დამთავრებისთანავე, ხოლო ჩვენი სამაგისტრო პროგრამები საშუალებას მოგცემთ ბაკალავრიატში მიღებული ცოდნა კიდევ უფრო სიღრმისეული და საფუძვლიანი გახადოთ.
ჩვენს გვერდზე წარმოდგენილია ყველა საჭირო ინფორმაცია შეთავაზებული პროგრამების, სტრუქტურისა და სასწავლო პროცესის შესახებ.  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალი წარმოდგენილია ქართულ და უცხოურ სამეცნიერო სფეროში მოღვაწე მეცნიერ-პრაქტიკოსებით, რომელთა თანამედროვე ხედვები და მაღალი პროფესიონალიზმი სრულფასოვანი განათლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღების აუცილებელი წინაპირობაა.
უნივერსიტეტს ყველა პირობა აქვს შექმნილი სტუდენტთა სწავლების პროცესის სრულყოფისათვის. სდასუ-ს აქვს საკუთარი ავტორიზებული ტელევიზია, სადაც ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს, მონაწილეობენ გადაცემების ჩაწერაში. 
ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამების მიზანია სტუდენტებს გავუღვივოთ ინტერესი ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინგლისური ფილოლოგიის შესწავლისადმი, განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება და ახალი ცოდნის შექმნისათვის საჭირო უნარები.


მაია ჭანია

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში!

თუ თქვენ გსურთ იცხოვროთ 21-ე საუკუნის რიტმით, თვალი ადევნოთ და გააშუქოთ პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული სიახლეები, არ ჩამორჩეთ გლობალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნეს პროცესებს, საზოგადოებრივ მოვლენებს, ისწავლოთ, როგორ მოიპოვოთ, გადაამუშაოთ და გაავრცელოთ ინფორმაცია, გახდეთ პროფესიონალი ჟურნალისტები, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობათა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შეძლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით მართოთ სხვადასხვა დარგში მიმდინარე პროცესები, იყოთ შიდა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესა და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები, შეძლოთ მუდმივად ცვალებად გარემოში ადაპტირება, მაშინ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსტიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა თქვენი სწორი არჩევანია.
ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის კურსდამთავრებულები წარმატებით იწყებენ მოღვაწეობას, მათი პროფესიის შესაბამის პოზიციებზე როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ჩვენს საუნივერსიტეტო შესაძლებლობებსა და უნიკალურობაში, სდასუ ყველა მსურველს იწვევს, რათა დაათვალიეროს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ტელევიზია და ბიბლიოთეკა. პირადად გაეცნოთ სწავლების სრულყოფილ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლებს.
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის მართვის განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ასე რომ, თუ გსურთ სამყარო გახადოთ უკეთესი, დაამსხვრიოთ სტერეოტიპები, იცხოვროთ ინფორმირებულ საზოგადოებაში, შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!

ქეთევან ნანობაშვილი,
პროფესორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი