დეკანის მიმართვა


საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა სახელოვანი ქართული სამედიცინო ტრადიციების საფუძველზე დაყრდნობით და თანამედროვე, პროგრესული მეთოდოლოგიების გამოყენებით უქმნის სტუდენტებს ოპტიმალურ პირობებს და შესაძლებლობას მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლება, რაც მათი მომავალი პროფესიული წარმატებისა და კარიერული წინსვლის საწინდარია.
იყო ექიმი - ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის - ყველაზე სათუთი და ძვირფასი ფასეულობის - სადარაჯოზე მდგომი, ხედავდე და მკურნალობდე ავადმყოფს და არა ავადმყოფობას - ეს პრინციპები რჩება ჩვენს ამოსავალ დებულებად. ამისთვის მოწოდებულია სკოლის მაღალპროფესიული აკადემიური პერსონალი, რომელიც თავის უპირველეს ამოცანად თვლის აღზარდოს ღირსეული მოქალაქე, პროგრესულად მოაზროვნე, განათლებული კლინიცისტი და ჰიპოკრატეს ფიცის განუხრელი შემსრულებელი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით კეთილ ნაყოფს იძლევა. გისურვებთ წარმატებას.

ნინო მეგრელიშვილი
პროფესორი,
მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის დეკანი