სდასუს ისტორია
შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ - შემდგომში, „უნივერსიტეტი“, შემოკლებით - „სდასუ“) თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის 27-წლიანი ისტორიის მქონე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამცველი სუბიექტია, რომელიც ორიენტირებულია ინტელექტუალური რესურსები მიმართოს ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისა და წარმატებული განვითარებისათვის.
უნივერსიტეტის დაარსება უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, მისი რექტორის, პროფესორ თეიმურაზ ქორიძის მიერ 1987 წელს კომუნისტური პარტიის რიგებიდან გასულთა სოციალური დაცვის საზოგადოების შექმნას და მის ბაზაზე, 1991 წლის 11 ივლისში, საზოგადოება „თანადგომა და ამაღლების“ დაფუძნებას.
საზოგადოება მიზანად ისახავდა ქვეყანაში კომუნისტური იდეებისა და მსოფლმხედველობისაგან გათავისუფლებას, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და ახალგაზრდობის ჩაბმას თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისკენ სწრაფვაში.
საზოგადოება „თანადგომა და ამაღლება“ აერთიანებდა ქვეყნის ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომელთაც პროფესორ თეიმურაზ ქორიძის ხელმძღვანელობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დააარსეს საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი „დავით აღმაშენებლის სახელობის თბილისის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი“.
1992 წლიდან, ინსტიტუტის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, შეიცვალა ინსტიტუტის სახელწოდება და მას „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ ეწოდა.
უნივერსიტეტი ახორციელდებდა საგანმანათლებლო პროგრამებს სამკურნალო საქმის, სტომატოლოგიის, სამართალმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების და საბანკო საქმის, ტურიზმის, ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობებით და ინჟინერიის მიმართულებით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 16 ოქტომბრის N 65/ა ბრძანებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს 2007-2008 სასწავლო წლიდან მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია; საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის N 83 გადაწყვეტილებით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლიდან მიენიჭა უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
სდასუ თანამედროვე ინტეგრაციის, გლობალური გამოწვევებისა და მზარდი კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბდა ლიდერ საერთაშორისო სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო და სამეცნიერო კერად, რომელიც საზოგადოებას გარანტირებულად სთავაზობს მაღალხარისხიან საგანმანათლებლო მომსახურებას მისი მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის პერსპექტივით; ზრუნავს უნივერსიტეტის ცნობადობის ხარისხის ამაღლებასა და განვითარებაზე ქვეყნის, რეგიონის (კავკასიის) და საერთაშორისო მასშტაბით; სტუდენტების პიროვნული და პროფესიული განვითარებით უზრუნველყოფს მაღალკონკურენტუნარიანი, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადებას.  2011 წლიდან უნივერსიტეტში მოქმედებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის - სამართალმცოდნეობის, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, ფინანსების და საბანკო საქმის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჟურნალისტიკის, ინგლისური ფილოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამკურნალო საქმის და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი, დიპლომშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სამართლის, სისხლის სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, ინგლისური ფილოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო, მედიცინისა და ეკონომიკის სადოქტორო - საგანმანათლებლო პროგრამები.
უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა, სასწავლო აუდიტორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, პრესკლუბი, კომპიუტერული ცენტრები, ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით, იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, ქართულ-ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკა, ვირტუალური სიმულაციების ლაბორატორია, პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ-ცენტრი, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ავტორიზებული ტელე-რადიომაუწყებლობა: „სდასუ TV“ და „სდასუ RADIO“.
უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესურა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ცენტრები, ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები და პრესკლუბი ხელს უწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.
უნივერსიტეტი ისწრაფვის აღზარდოს ეროვნული ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგული სპეციალისტების ახალი თაობები, მისცეს მათ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება; ხელი შეუწყოს პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას თეორიული სწავლების პროცესში და ამგვარად დააახლოვოს სტუდენტები და კურსდამთავრებულები შრომით ბაზართან. საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით იქცეს ინოვაციურ უნივერსიტეტად და სამეცნიერო-კვლევით ცენტრად.