სკოლის შესახებ
განათლების ურთულესი ხელოვნება, როგორც ცნობილია, ძირითადად ორ პრინციპს გულისხმობს: მეცნიერული ინფორმაციის დაუფლებით გარკვეული ცოდნის შეძენას და ამ ბაზაზე, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის ამოქმედებას. დღევანდელი საქართველო განათლებული და ენების მცოდნე თაობის ხელშია და ხვალ ის მეტს მოითხოვს. ამ თვალსაზრისით სდასუ ერთ-ერთი წარმატებულია ზემოხსენებული მიზნის განხორციელებისათვის, სადაც უცხოური ენების სწავლის დონე შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან. სდასუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. აღნიშნული ხელმისაწვდომი გახდა გამოცდილი ინგლისური ენის სპეციალისტებისა და ქართველ მეცნიერთა ხელშეწყობით, უახლესი ვიდეო–აუდიო მეთოდების დანერგვით და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვით. ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა აღჭურვას ევროპული სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით, განაპირობებს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე; რაც დასტურდება მათი დასაქმების მაღალი პროცენტით და სწავლის გაგრძელების სწრაფვით საუნივერსიტეტო განათლების შემდგომ საფეხურზე. ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაირიცხებიან სდასუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში, ელით საქმიანი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, სწავლის საუკეთესო პირობები, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და საინტერესო, აქტიური სტუდენტური ცხოვრება. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და უშუალოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანატი ხელს უწყობს სტუდენტთა შემოქმედებით განვითარებას: სხვადასხვა საინტერესო პროექტებში მონაწილეობით, გასვლითი სასწავლო პროცესებით,ინგლისელ და ამერიკელ მეცნიერთა საჯარო ლექციების მოსმენით და მათში აქტიური ჩართულობით, ინტელექტუალური თამაშებით, სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობით და სხვა. სკოლის თითოეულ სტუდენტს, გამოცდილი პროფესორების დახმარებით, შესაძლებლობა აქვს მიიღოს საფუძვლიანი განათლება, გამოიმუშაოს აუცილებელი პროფესიული უნარ–ჩვევები და დაეუფლოს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით შესაბამის პროფესიას. ამის მიღწევაში მას დაეხმარება პრეზენტაციების მომზადება სხვადასხვა თემატიკაზე, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლების თანამედროვე სასწავლო პრაქტიკა, სტუდენტური კონფერენციის ფორმატში აქტუალური საკითხების ირგვლივ არგუმენტირებული დასკვნებითა და ახალი ინიციატივებით გამოსვლა, რაც ზრდის მათ შემოქმედებით უნარს საკითხების სწორედ აღქმასა და შეფასებაში. ეს ყველაფერი დიდადაა დამოკიდებული თითოეული სტუდენტის პიროვნული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაზე, რაც მხოლოდ საფუძვლიანი განათლებით მიიღწევა.