სკოლის შესახებ
ჟურნალისტიკა შემოქმედებითი სპეციალობაა, რაც აორმაგებს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას უნივერსიტეტის მისიის შესასრულებლად. სდასუ-ს მედიის სკოლაში თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკული პროფესიული ჩვევების, მოვლენების კრიტიკული აღქმისა და სწორად შეფასების უნარის გამომუშავებას. ეს ყოველივე დიდად არის დამოკიდებული თითოეული სტუდენტის პიროვნული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაზე, რაც მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლებით მიიღწევა. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ტრადიციული ევროპული მედიაგანათლების პრინციპებსა და გამოცდილებას ითვალისწინებს. მის განხორციელებაზე ზრუნავენ კვალიფიციური პედაგოგები, გამოცდილი თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი ჟურნალისტები. ახალგაზრდები ეცნობიან ჟურნალისტიკის თეორიისა და მასკომუნიკაციის ძირითად კონცეფციებს, ღრმად გაიაზრებენ მედიის საზოგადოებრივ როლს, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის პრინციპებს. სასწავლო პროგრამის გადახალისებამ, რადიოსა და ტელევიზიაში განხორციელებულმა პროექტებმა სტუდენტებს კიდევ უფრო გაუძლიერა პროფესიის დაუფლებისაკენ სწრაფვა. მომავალი ჟურნალისტებისათვის კარგ ასპარეზს ქმნის უნივერსიტეტის ჟურნალი ,,დებიუტი“, სადაც მათ შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა შეუძლიათ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუდენტური ტელევიზიას – “სდასუ TV”, სადაც სტუდენტებს ცალკეული სიუჟეტების პარალელურად საავტორო გადაცემების მომზადებაც შეუძლიათ. სდასუ TV-ის პროგრამული პრიორიტეტები ემყარება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეროვნულ ფასეულობებს, საზოგადოების სანდოობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებას, მრავალფეროვნებისა და კრეატიულობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.