ჩვენ შესახებ

გერბი და დროშა

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის გერბი და დროშა

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის გერბი (ლოგო) და დროშა საუკეთესოდ გადმოსცემს როგორც ქართულ–ევროპულ ჰერალდიკურ ტრადიციებს, ისე უნივერსიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ყოველთვის იზიარებს დასავლურ ღირებულებებს, თანამედროვე მსოფლიოს მეცნიერულ ნოვაციებსა და მიღწევებს, თუმცა ამასთანავე მყარად ეფუძნება ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციებს. სწორედ ამიტომაც უნივერსიტეტის გერბის და დროშის ცენტრალური ნაწილი გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გამოსახულებას უკავია. შუა საუკუნეების საქართველოს იმ უდიდეს სასულიერო და კულტურულ ცენტრს, რომელიც „სხუა ათენად“ და „მეორე იერუსალიმად“ – იწოდებოდა. გელათი ამასთანავე დავით აღმაშენებლის საგანმანათლებლო მოღვაწეობის ბრწყინვალე ნიშანსვეტიცაა. უნივერსიტეტის გერბზე და დროშაზე გამორჩეული ადგილი გადაშლილ წიგნს უკავია, რომელიც ჭეშმარიტებისა და სწავლების სიმბოლოა. ქრისტიანობაში წიგნი ერების განათლებას, აღმოსავლურ რელიგიებში კი მეცნიერულ სიბრძნეს აღნიშნავს. წიგნის ერთ–ერთ ფურცელზე ძველი ქართული ანბანით – ასომთავრულით – გამოყვანილია უნივერსიტეტის აბრევიატურა „სდასუ“ – რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უნივერსიტეტი ეროვნულ ტრადიციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. წიგნის მეორე მხარეს კი ფრინველის ფრთის კალამი მოჩანს, სულიერებისა და მწერლობის ნიშანი, ის მოწაფეობისა და მახარებლების სიმბოლოცაა. მთელი გერბისა და დროშის ფონს ოქროსფერი წარმოადგენს, რაც უმაღლეს სულიერებასა და სიწმინდეს აღნიშნავს. ამდენად, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სიმბოლიკა კარგად გადმოსცემს იმ მისწრაფებებს, რომელსაც უნივერსიტეტი მომავალი თაობის აღზრდის დროს ეფუძნება.